დაკავება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულ შპს „ჰერმესის“ ზედამხედველ პირს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალი წარედგინა. დაკავებულის უფლებადამცველმა უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა და განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობასაც გეგმავს. სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მუხათგვერდის სასაფლაოს ზედამხედველი საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ გარდაცვალების ცნობის გარეშე, საკუთრებაში გადასცემდა მუხათგვერდის სასაფლაოზე მდებარე სამადგილიან საფლავს და დაუმზადებდა საფლავის მოწმობას, რომელშიც ჩაიწერებოდა ხსენებული მოქალაქის გარდაცვლილი ბაბუის მონაცემები, რის სანაცვლოდაც მოითხოვა 4 600 ლარი.
გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო ვიდეომტკიცებულებები. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.