დაკავება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე თბილისის მერიის, შპს „ჰერმესის“ ზედამხედველი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მუხათგვერდის სასაფლაოს ზედამხედველი საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ გარდაცვალების ცნობის გარეშე, საკუთრებაში გადასცემდა მუხათგვერდის სასაფლაოზე მდებარე სამადგილიან საფლავს და დაუმზადებდა საფლავის მოწმობას, რომელშიც ჩაიწერებოდა ხსენებული მოქალაქის გარდაცვლილი ბაბუის მონაცემები, რის სანაცვლოდაც მოითხოვა 4 600 ლარი.
გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო ვიდეომტკიცებულებები. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.