დაკავება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ მანანა გიორგობიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა სხდომაზე პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის ხელახლა ჩადენის საფრთხეები. აღნიშნულს არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 დეკემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, გამოძიების ვერსიით, 2 ნოემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში მანანა გიორგობიანმა ამავე მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება, რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და მათ შორის ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით.
მაღაზიიდან გასვლის შემდეგ, მანანა გიორგობიანმა ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რასაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, გიორგობიანმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანა ხუთი პირი, რომლებიც ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულებს და მიაყენეს დაზიანებები, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ამავე საქმეზე, დაკავებული ჯაკო ჩარკვიანის აღმკვეთი ღონისძიება, დღეს 17:00 საათზეა დანიშნული.