დაკავება გზის უკანონო გადაკეტვის ბრალდებით
ხმაური და დაპირისპირება იყო გუშინ ღამით რუსთაველის გამზირზე. სამართალდამცავებმა პარლამენტთან დემონსტრანტების ნაწილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი საავტომობილო გზის გახსნასთან დაკავშირებით პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. მანამდე აქციის რამდენიმე მონაწილეს და ავტომობილების მძღოლებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე ადამიანი ავტომობილებს გავლის საშუალებას არ აძლევდა, აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი საპატრულო პოლიციის მანქანაზე ავიდა – ის პოლიციამ ხულიგნობის მუხლით დააკავა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა აქციის ერთი მონაწილე, რომელიც შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა.
განვითარებული მოვლენებიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების შესახებ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ადმინისტრაციული წესით აქციის 20-მდე მონაწილეა დაკავებული. დედაქალაქის მთავარი გამზირი აქციის დაწყებისას ოცი წუთით გადაიკეტა, ამის შემდეგ კი – საავტომობილო გზა ჩვეულ რეჟიმში გაიხსნა. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ – ვითარება პერიოდულად, მხოლოდ მას შემდეგ იძაბებოდა, როდესაც დემონსტრანტები ტროტუარიდან საავტომობილო გზაზე გადასვლას ცდილობდნენ.