ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“კანონში
დღეს იურიდიულ კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს. პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტსაც დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიციატივის მიხედვით, ზოგიერთ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ, მანამ ვიდრე ზარალს სრულად არ აანაზღაურებენ. დღეს მოქმედი კანონით მსჯავრდებულს ეკრძალება საქართველოდან გასვლა გამამტყუნებელი განაჩენით, კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.
სექტემბერში მიღებული ამ ცვლილებების თანახმად, საქართველოდან გასვლის აკრძალვა გამოიყენება მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მეშვეობით. ცვლილებების მიხედვით კი დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლის აკრძალვა დაეკისრება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშეც. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა უქმდება, თუ მსჯავრდებულმა გადაიხადა დაზარალებულის კომპენსაცია ან დაზარალებული წერილობით აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის მიღებაზე.