იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „გრანტების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები. ცვლილებების მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება კი აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. განისაზღვრება „აკრძალული გრანტის“ მიღებასთან დაკავშირებით პირის გამოკითხვის წესი და საფუძვლები.
ცვლილებათა პაკეტის მიხედვით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონშიც შედის ცვლილებები, რომლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას ვეღარ შეძლებენ. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.