ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ორ პირს ბრალი წარედგინა
ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა. ესენი არიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, გაგა მკურნალიძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი, გიორგი ბუთლიაშვილი.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 28 ოქტომბერს ცოტნე გამსახურდია დააკავეს და შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იგი გადაყვანილ იქნა იმავე დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მას შემდეგ, რაც გამსახურდიამ პატიმართა ცემა/წამების ფაქტების შესახებ გაიგო, პროტესტის უკიდურეს ზომას – შიმშილობას მიმართა. იგი ასევე ცდილობდა, საკუთარი ადვოკატების მეშვეობით, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ხმა მიეწვდინა სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის. ამის შემდეგ დაიწყო მის მიმართ უკანონო ქმედებები. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღწერილია ხელახალი გამოძიების შედეგად გამოკვლეული საქმის დეტალები, თუ როგორ ხორციელდებოდა უკანონო ქმედებები გამსახურდიას მიმართ.