ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმე

ცხვარიჭამიაში მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საგურამოში პოლიციას თავად ჩაბარდა. ის დანაშაულს აღიარებს. მასთან ერთად წვეულებაზე მყოფი შვიდი ახალგაზრდა, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დანაშაული საქმეში საერთოდ არ იკვეთება და ისინი არც ბრალდებას აღიარებენ.

მკვლელობა ცხვარიჭამიაში ორი დღის წინ დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა. მეგობრებს შორის მომხდარი შელაპარაკება ტრაგიკულად დასრულდა. 20 წლის მირიან კუკავა დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. უმძიმეს დანაშაულს მრავალი თვითმხილველი ჰყავდა, თუმცა სამართალდამცველებთან არავინ ითანამშრომლა. მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.