უკვე მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგი, სადაც გაირკვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული კიდევ ხუთი პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის მასშტაბით 22 ლოკაციაზე მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც ამ დრომდე ცნობილია, უწყებას აღნიშნულ საქმეზე ჯერჯერობით არავინ გამოუკითხავს და არც დაუკავებია.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საქმეებს გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი დეპარტამენტი, მათ შორის ანტიკორუფციული დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება ამბობს, რომ ამოღებულია დიდი რაოდენობით თანხა და ელექტრონული მოწყობილობები. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე უცნობია, რას ედავებიან ექსპრემიერსა და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებმაც დაკავებული პოსტები თვეების წინ დატოვეს.