ჩავარდნილი დამხობის საქმე – შეფასებები

12:06, 05.10.2026

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების, ირაკლი ნადირაძის, პაატა ბურჭულაძის, პაატა მანჯგალაძის, მურთაზ ზოდელავასა და დანარჩენი პირების სასამართლო პროცესი გაიმართება. 4 ოქტომბრის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა და მომხდარი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. პარლამენტის თავმჯდომარემ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით, კვლავ მოუწოდა ბრიუსელს, დაგმოს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმა, უარი თქვას მომავალში რადიკალური ჯგუფების პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილისთვის ერთი წლის წინანდელი რიტორიკა ისევ აქტუალურია. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის შეფასებით, ეს დღე წინააღმდეგობის და ბრძოლის დღე იყო. პარტია „ახლების“ ლიდერი, ნიკა გვარამია კი სოციალური ქსელით როგორც თავის, ისე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კვლავ აქციების ორგანიზებისკენ მოუწოდებს.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობაში ჩართული თითოეული ადამიანისთვის 4 ოქტომბერი გახდა მთავარი გაკვეთილი, რომ საქართველოს ბედს ქართველი ხალხი წყვეტს, არჩევნებით და არა შტურმით.

4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების შედეგად, სულ 64 პირი მიეცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, მათ შორის ორგანიზატორები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე. მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ედებათ ბრალად. მსჯავრდებულების ნაწილმა დანაშაული აღიარა და 36 პირთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. 

მსგავსი