31 წლის კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. კირკს, რომელიც დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი და მისი საპრეზიდენტო კამპანიების მონაწილე იყო, იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს. მას იარაღიდან ნასროლი ტყვია ყელის არეში მოხვდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. პოლიციამ თავდაპირველად ორი პირი დააკავა, თუმცა, მოგვიანებით ორივე მათგანი გაათავისუფლა.
მათი განმარტებით, დაკავებულებს მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონდათ. მედიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელსაც 3 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, შესაბამისი უსაფრთხოების ზომები არ იყო მიღებული. უნივერსიტეტის პოლიციის უფროსმა მოგვიანებით განმარტა, რომ ადგილზე სულ ექვსი ოფიცერი იმყოფებოდა, თუმცა ასევე მობილიზებულები იყვნენ სამოქალაქო ფორმაში მყოფი ოფიცრებიც. კირკის მკვლელობას დონალდ ტრამპმა ამერიკისთვის ბნელი მომენტი უწოდა.