ზივზივაძემ და „ფეჰერვარმა“ ნავსი გატეხეს - ბუდუმ „ჰონვედს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უნგრეთის ჩემპიონატში გაიტანა და „ფეჰერვარს“ მორიგი შეხვედრის გამარჯვებაში და წარუმატებელი სერიის შეწყვეტაში დაეხმარა.

საქართველოს ნაკრების კანდიდატი „ჰონვედთან“ მე-9 ტურის პრინციპულ შეხვედრაში „ფეჰერვარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე კი ზივზივაძემ თავისი საქმე გააკეთა. ბუდუმ 25-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა. საჯარიმოში შევარდა, მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი „ცხრიანში“ ჩაახვია.

ამის შემდეგ „ფეჰერვარის“ უპირატესობა უკრაინელმა ილია პეტრიაკმა გაზარდა. მან მეტოქის კარი 54-ე წუთზე აიღო. მე-60 წუთზე სხვაობა „ჰონვედის“ ფეხბურთელმა ბენც ბატიკმა შეამცირა, მაგრამ სტუმრებმა მეტი ვეღარ მოახერხეს და „ფეჰერვარმა“ 2:1 მოიგო.

9 ტურის შემდეგ „ფეჰერვარმა“ 14 ქულა დააგროვა, მე-4 ადგილზე დაწინაურდა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. წარუმატებელი სერია შეწყვიტა ბუდუ ზივზივაძემაც, რომელმაც ბოლოს 2021 წლის 21 აგვისტოს „კიშვარდასთან“ გაიტანა.

ამის შემდეგ 27 წლის ქართველ თავდამსხმელს ტრავმის და კორონავირუსის გამო დრო და თამაშები გაუცდა. ამიტომაც გასაკვირი არ იყო, ბუდუ ზვივზივაძემ გოლი ძალიან ემოციურად რომ აღნიშნა.