ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში – „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში 87 პირი რჩება. შსს უკრაინისგან ქმედით ნაბიჯებს ელოდება. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით ცდილობენ. სამინისტროს განცხადებით, ყველა მათგანს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის აქვს სასჯელი მოხდილი და ამიტომ, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ საქართველოში შემოსვლის უფლება არ ეძლევათ.
როგორც ირკვევა ქართული მხარე უკვე მართავს შეხვედრებს როგორც საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რათა ეს ადამიანები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ უკრაინაში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უკრაინულ მხარეს შეთავაზებული აქვს რამდენიმე მექანიზმი — მათ შორის საჰაერო და საზღვაო გზით დაბრუნების ვარიანტები.