ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა. როგორც დღეს სუს-ის ბრიფინგზე აღინიშნა, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა ავტომანქანამ, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია რვა ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და გადაზიდვას გულისხმობს.