ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

მომწამვლელი ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს არასდროს შეუძენია – ასეთია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგი, რომელიც დღეს საზოგადოებას უწყების უფროსის პირველმა მოადგილემ გააცნო. ლაშა მაღრაძის განცხადებით, BBC-ის ფილმთან დაკავშირებით, სადაც თბილისში გასული წლის აქციებზე მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებაზე იყო საუბარი, ჯამში 93 მოწმე გამოიკითხა, მათ შორის შსს-ს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, სამხარაულის ეროვნულ ბიუროში კი ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა. ამოღებულია საბაჟო დოკუმენტაციაც, რაც მაღრაძის თქმით, ადასტურებს, რომ აღნიშნული ნივთიერება საქართველოში არ შემოსულა. უწყებაში განმარტავენ, რომ „კამიტის“ გამოყენების შესაძლო ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია.