ბრალდებულის ექსტრადირება 

დედა-შვილის ნატო და გურამ კვეზერელების განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე საბერძნეთმა, ორწლიანი ლოდინის შემდეგ, საქართველოს გადასცა. ექსტრადირების შესახებ ინფორმაცია მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.

გამოძიების ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბერში, გიორგი ყუფარაძემ დამამძიმებელ გარემოებაში, თანამზრახველთან ერთად, გურამ კვეზერელის მკვლელობის დაფარვის მიზნით, ცხედარი წინასწარ შეძენილ პლასტმასის კასრში მოათავსა, სადაც მჟავა ჩაასხა და კოჯორში მდებარე აგარაკის ეზოში დამარხა.

იმავე დღეს თბილისის ზღვაზე მდებარე ბინაში დანის ჩარტყმით მოკლეს ნატო კვეზერელი, შემდეგ კი ფარულად დაეუფლნენ ბინაში არსებულ, დაახლოებით, 12 000 დოლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ყუფარაძის მიმართ ძებნის გამოცხადების თხოვნით პროკურატურამ ინტერპოლს 2016 წელს, საქმის გახსნის შემდეგ მიმართა. საბერძნეთში ყუფარაძე ყალბი პასპორტით ცხოვრობდა.