გრიგოლ ლილუაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, დანაშაულს ოთხ ეპიზოდში ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითური ქოლცენტრების უმრავლესობა ეკუთვნოდა ჯგუფს, რომელიც ოპოზიციურ მედიასაშუალებებს აფინანსებდა, მათ ნაწილს კი გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა. მათივე ინფორმაციით, ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორ კახა გვანცელაძეს, რომელიც მეწარმე სუბიექტებისგან ე.წ. ატკატებს იღებდა.
გამოძიების ცნობით, გრიგოლ ლილუაშვილმა, სხვადასხვა არალეგალური საქმიანობის სანაცვლოდ, ჯამში 2 მილიონ 365 ათასი ამერიკული დოლარი და მილიონ ნახევარი ლარი მიიღო. წარდგენილი ბრალი 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ლილუაშვილის მიმართ სასამართლო სხდომაზე პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ადვოკატი განმარტავს, რომ ლილუაშვილის სახელზე არსებულ რამდენიმე უძრავ ქონებას, მათ შორის მის სახელზე რეგისტრირებულ ბინას ყადაღა დაახლოებით 2 თვის წინ დაედო.