საბოტაჟის მცდელობისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. ცოტა ხნის წინ საგამოძიებო უწყებაში ბიძინა გიორგობიანი მოვიდა. ის დაკითხვაზე უკვე მეორედ იმყოფება. უკვე გამოკითხულები არიან ლევან ნიკოლეიშვილი, ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი.
გამოძიება „ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო და ამ დრომდე მხოლოდ მათი წარმომადგენლები იკითხებიან. გამოკითხულების თქმით, მათ ხელთ აქვთ მტკიცებულებები ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობოების წარმომადგენელთა საჯარო განცხადებები, ასევე მათ მიერ არასაჯარო წყაროებიდან მოპოვებული განცხადებები, რომლებიც აღნიშნულ ბრალდებებს ამყარებს. გამოძიება ამ ეტაპზე ორი მუხლით არის დაწყებული.