ბრალდება ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე 

დააკავეს კიდევ ორი პირი, რომლებიც პედაგოგ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე მთავარ ფიგურანტებთან ერთად სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არიან ბრალდებულები. საუბარია ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაზე, რაც ცალკე სისხლის სამართლის საქმედ არის გამოყოფილი. დააკავეს და ბრალდება წაუყენეს ირაკლი სულაბერიძესა და დემეტრე კასრაძეს.

გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა, ასევე ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა და კიდევ სხვა პირებმა, მათთვის მიუღებელ პირთა დასჯის მიზნით, ჯგუფური მოქმედება დააორგანიზეს. ისინი შერჩეულ მსხვერპლს კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით და გოგონების სახელით უკავშირდებოდნენ და წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილზე შეხვედრაზე ითანხმებდნენ, შემდეგ კი უსაფრდებოდნენ და ჯგუფურად ძალადობდნენ, რასაც კამერაზე აფიქსირებდნენ, ძალადობის ამსახველ კადრებს კი მობილურ ტელეფონებში ინახავდნენ და მიზნობრივ ჯგუფებში ავრცელებდნენ. სახელდება კონკრეტული ფაქტები – მაგალითად, 2025 წლის თებერვალში დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და ტელეფონზე აღბეჭდილი ძალადობა და იმავე წლის ივლისში მომხდარი ანალოგიური დანაშაული.

შეგახსენებთ, რომ გიგა ავალიანის საქმის მთავარი ფიგურანტები – ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ცალკე გამოყოფილ ამ საქმეზე სასამართლოს მიერ დამნაშავედ არიან ცნობილი.