ბიძინა გეგიძის გამოკითხვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შვიდსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, გვიან ღამით დატოვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით, 2018 წელს დაწყებული საქმის გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდა. ანტიკორუფციული სააგენტო დაინტერესებული იყო გეგიძის 2014-2016 წლებში „საქართველოს ფოსტაში“ საქმიანობით, როდესაც ის ფოსტის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კერძოდ, მასთან კითხვები ფოსტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის წესით გაყიდვასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

გეგიძეს კი მიაჩნია, რომ აუქციონის პროცესზე „საქართველოს ფოსტის“ ვერცერთი თანამშრომელი გავლენას ვერ მოახდენდა. როგორც დეპუტატი აცხადებს, მას სუს-ში მისვლა კვლავ მოუწევს, ვინაიდან გამოკითხვის ოქმზე ხელი ჯერ არ მოუწერია. მისი განმარტებით, გამოძიებისთვის გაცემულ პასუხებში, საკუთარი აზრის სწორი ფორმულირების მიზნით, ცვლილებების შეტანა სურს. ბიძინა გეგიძე მისი წარსული საქმიანობის შესახებ გამოძიების დაინტერესებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. დატოვებს თუ არა  ის მმართველ გუნდს – დეპუტატის განმარტებით, ეს პარლამენტის იმ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით მიიღებს.