BBC-ის ფილმი - შეფასებები
დისკუსია არ წყდება BBC-ის რეზონანსული საგამოძიებო ფილმის გარშემოც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. ფილმში მონაწილე პირების შემდეგ, უწყებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გამოკითხეს. უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, თუმცა სწორედ ვახტანგ გომელაური და ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ იყვნენ ის პირები, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპოლიციო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდნენ.
აქციების დაშლისას, BBC-ის ფილმში ნახსენები აკრძალული ნივთიერების, „კამიტის“ გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს მმართველი გუნდი. ხელისუფლების არგუმენტების არ სჯერა ოპოზიციას, რომლის ნაწილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ნაწილი კი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს.