ბათუმში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების საქმე

ბათუმში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ხუთ ახალგაზრდას სასამართლომ გირაო, თითოეულ მათგანს 25 000 ლარი  შეუფარდა. შემთხვევა 16 სექტემბერს მოხდა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ეზოში ჩავიდნენ და ერთ-ერთ ავტომანქანას მიეყრდნენ, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსნის, როინ კოჩალიძის საკუთრება აღმოჩნდა.

დაკავებულები ამტკიცებენ, რომ პოლიციელი მათთან მივიდა, იარაღი მიაბჯინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამასთან, დაკავებულები ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ახლო ნათესავები არიან. გამოცემის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თავდაპირველად საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, შემდეგ კი, დამძიმდა და 353-ე მუხლით შეიცვალა, ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის სახლის მაგივრად, ჩხრეკა „ბათუმელების“ დამფუძნებლის სახლში ჩაატარეს, რაც მათი განცხადებით, „ერთგვარი გზავნილია“.

პროკურატურა  განმარტავს, რომ „სამართალდამცველმა დაკავებულებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც მას თავს დაესხნენ“. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვდა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაკავებულებს გირაო შეუფარდა.