ბაჩო ახალაია საგამოძიებო უწყებაში თითქმის რვა საათის განმავლობაში იმყოფებოდა. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაბარება ოთხ ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
გამოძიების საგანია გავრცელებული ჩანაწერიც, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის და რომელშიც ძალადობრივ ქმედებებსა და მსხვერპლზეა საუბარი. ახალაიას ხმის ნიმუში აუღეს, თუმცა ექს-მინისტრი ფალსიფიცირებულსა და ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებულ მასალას უწოდებს ჩანაწერს, რომელშიც ის, სავარაუდოდ, პაატა ბურჭულაძეს სამოქმედო გეგმაზე ესაუბრება და გარკვეულ ინსტრუქციებსაც აძლევს. ცნობისთვის, კრიმინალურ პოლიციაშია დაბარებული ნადიმ ხმალაძეც.