ბაჩიაშვილის განცხადებით, მას ციხეში სცემეს
გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მას საპატიმროში სცემეს – „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი საპატიმროდან წერილს ავრცელებს და მასზე ძალადობის დეტალებს აღწერს. ბაჩიაშვილის განცხადებით, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. 8 ივლისს, კი მისი ინფორმაციით, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა, დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია, ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.
„11 ივლისს საღამოს 7 საათზე გაიღო ჩემი საკნის კარი და შემოვიდა ჩემთვის უცნობი პიროვნება. ჩემთვის მას არ უთქვამს ვინ იყო, თავად არ გამეცნო, შემდეგ მე ვკითხე ვინაობა, რაზეც აგრესიულად მიპასუხა, რომ „აქ კითხვებს მხოლოდ ის სვამდა“. აღნიშნულის შემდეგ, მან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება. საკანში იდო შუშის ჩაის ჭიქა, რომელიც აიღო და თავზე გადამაფშვნა, რის შემდეგაც წამიერად გონება დავკარგე. გონზე მოსვლის შემდეგ, ის პიროვნება ისევ განაგრძობდა ჩემს ცემას და ჭიქის ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელისა და სახის არეში, თუმცა, მარჯვენა მაჯაზე მოახერხა ჭრილობის მიყენება. რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი. საკანში იყო სისხლის გუბე, კედლებიც სისხლით იყო დასვრილი, ვითხოვდი შეხვედრას ციხის უფროსთან. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ჩემთან მოვიდა ციხის უფროსი და გამიყვანა მორიგე ქირურგთან.
ციხის უფროსმა მითხრა, რომ ეს პიროვნება იყო მსჯავრდებული და მისი განკარგულებით შემოუშვეს (შესახლების მიზნით) და არ იცოდა, თუ იჩხუბებდა. თუმცა, ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო, რადგან ეს მუქარის მესიჯის აღსრულება იყო.
ქირურგმა დამიმუშავა ჭრილობები და იარები, რა დროსაც კიდევ ერთხელ დავკარგე გონება, ვითხოვდი ადვოკატთან და სახალხო დამცველთან დარეკვას, თუმცა არ დამარეკინეს. შემდეგ ვითხოვდი კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას, მათ გამოიხახეს სასწრაფო და „ვივამედში“ გადამიყვანეს. „ვივამედში“ ჩამიტარდა კვლევები. მოვითხოვე სტაციონარში დარჩენა, თუმცა უარი მითხრეს“. ბაჩიაშვილის  თქმით, მხოლოდ მას შემდეგ შეძლო სახალხო დამცველის აპარატში დარეკვა, რაც შიმშილობა გამოაცხადა.
„ჩემს ცემას ვუკავშირებ ჩემი ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას, დაშინებას. მოვითხოვ მარტო ყოფნას საკანში ვიდეომეთვალყურის ქვეშ. სხვაგვარად ჩემი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეში იქნება. შაბათს საღამოს შემხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ყველაფერი მოვუყევი დეტალურად, ვითხოვ სახალხო დამცველის აპარატისგან საკითხის შესწავლას და რეაგირებას. ეს არის ციხის ადმინისტრაციისა და კრიმინალების კოორდინირებული მოქმედების შედეგი, შესაბამისად, წარმოადგენენ ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას. ვაცხადებ, რომ რამდენი კრიმინალიც არ უნდა შემომიგზავნონ საკანში და ვისგანაც არ უნდა მოხდეს ძალადობა, მე არ გავტყდები და ვერ დამაშინებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
იმას, რომ გიორგი ბაჩიაშვილი 11 ივლისს კლინიკაში შეიყვანეს, ადასტურებს ვივამედის“ კლინიკური დირექტორი. ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ბაჩიაშვილს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის თავის არეში. მისივე თქმით, ბაჩიაშვილმა საავადმყოფო იმავე დღეს დატოვა და გაეწერა პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დაწესებულების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.