„აზოვსტალის“ მებრძოლების მიმართვა

ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი მებრძოლები აცხადებენ, რომ ვერ დაადასტურებენ ინფორმაციას, ქარხნის ტერიტორიიდან ყველა სამოქალაქო პირის გაყვანის შესახებ. მათი თქმით, რუსებმა დღესაც განაახლეს დაბომბვა. ბატალიონის წევრები ამბობენ, რომ რუსეთის შეჭრის დღიდან, მარიუპოლში 25 ათასი ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის უმეტესობა სამოქალაქო პირია. უმძიმესი პირობების გამო, ისინი ყველას მოუწოდებენ, გააკეთონ მაქსიმუმი მათი ევაკუაციისთვის. მებრძოლები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ უკრაინის მთავრობამ მარიუპოლის დაცვის ორგანიზება ვერ შეძლო. მათ ასევე ყველას მოუწოდეს დაივიწყონ რუსული გაზი, რადგან მისი შესყიდვა ნიშნავს უკრაინელების სიკვდილს. ამასთან, ბრძოლებმა მადლობა გადაუხადეს ყველა ქვეყანას, უკრაინის ეკონომიკური და ფინანსური დახმარებისთვის და იქვე განაცხადეს, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან ქვეყანა მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას საჭიროებს.