„აზოვსტალიდან" ყველა მებრძოლი ევაკუირებულია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქარხანა „აზოვსტალი“ სრულად გაათავისუფლეს უკრაინელი მებრძოლებისგან. ქარხნის მიწისქვეშა ობიექტებს კი, რომლებშიც მებრძოლები იმალებოდნენ, ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. აგრესორი ქვეყნის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ 16 მაისიდან მოყოლებული, რუსეთის არმიას ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებული 2 439 მებრძოლი ჩაბარდა. ბატალიონ „აზოვის“ მეთაური ტერიტორიიდან სპეციალური ჯავშანმანქანით გაიყვანეს. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტს აცნობა.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან ყველას ევაკუაცია განხორციელდებოდა. მისივე თქმით, მარიუპოლის აბსოლუტურად ყველა დამცველი გმირია და მათ ეცნობათ, რომ აქვთ სრული უფლება, გამოვიდნენ ქარხნიდან და გადაარჩინონ საკუთარი სიცოცხლე.