„აზოვსტალი“ ისევ ბლოკადაშია

მარიუპოლის „აზოვსტალის“ სამრეწველო კომპლექსის ტერიტორიაზე გამაგრებული უკრაინელი სამხედროები, ძალთა დისბალანსისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობის მიუხედავად, თავდაცვით პოზიციებს ინარჩუნებენ. ამ დრომდე ოკუპანტები უარს ამბობენ მარიუპოლის მცველების ნეიტრალურ ქვეყანაში გაყვანის პროცედურებზე და მათ საარტილერიო და სარაკეტო იერიშებით ბომბავენ.

თავის მხრივ, „აზოვის“ პოლკში ამბობენ, რომ მათ საერთო ჯამში 6 000 რუსი სამხედროს, მათ შორის ერთი გენერლის განადგურება შეძლეს. მათი ცნობით, განადგურდა 78 ტანკი, ას ერთეულზე მეტი ჯავშანმანქანა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციასთან დაკავშირებით, ოკუპანტებთან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ მოლაპარაკებებში მიწვეულია ყველა, ვინც შესაძლებელი იყო. უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, საუბარია 60 ადამიანის გადარჩენაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე და არა 38-ის, როგორც ეს მანამდე გავრცელდა.