„აზოვის“ მებრძოლთა ევაკუაციის პროცესი

„აზოვის“ მებრძოლების ნაწილი როსტოვის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი – ინფორმაციას „ბიბისი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, 89 სამხედრო ტაგანროგში განათავსეს, თუმცა, გავრცელებულ ცნობას არ ადასტურებენ უკრაინის და რუსეთის თავდაცვის უწყებები. რუსული მხარის განცხადებით, აზოვის ქარხნიდან გამოყვანილია 959 სამხედრო, მათ შორისაა 80 დაჭრილი ჯარისკაცი. უკრაინის გენერალური შტაბი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აზოვის ქარხნიდან სამხედროების გამოყვანა ტყვეთა გაცვლის ოპერაციის ნაწილია. ამასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მარიუპოლში, აზოვსტალის ფოლადის ქარხნის დამცველების ევაკუაციის პროცესი გრძელდება და ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. პოდოლიაკის ინფორმაციით, აზოველების ევაკუაციის პროცესში გავლენიანი შუამავლები არიან ჩართული, თუმცა, მათ ვინაობას პროცესის დასრულების შემდეგ დაასახელებს. პოდოლიაკმა მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პროცესის გაგრძელება შეუძლებელია.