„აზოვის“ მებრძოლების მიმართვა

კვლავ იბომბება „აზოვსტალის“ ქარხანა – ერთ დღეში 38 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. პარალელურად, რუსი ჯარისკაცები ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობენ. შტურმი სატანკო და საარტილერიო დანაყოფების მხრიდან ცეცხლის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ლეგიონ „აზოვის“ მებრძოლები დაჭრილი სამხედროების ფოტოებს აქვეყნებენ და მათ დაუყოვნებლივ ევაკუაციას ითხოვენ. „მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს ის ვითარება, რა მდგომარეობაშიც დაჭრილი და დაშავებული ჯარისკაცები, მარიუპოლის მცველები არიან, ღია ჭრილობებში და სრულ ანტისანიტარიაში. აუცილებელი მედიკამენტებისა და საკვების გარეშე,“ – ნათქვამია განცხადებაში. მარიუპოლის მცველები ამბობენ, რომ აუცილებელია დაჭრილი სამხედროების სასწრაფო ევაკუაცია უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისს „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. რის შემდეგაც ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს ევაკუაციის მეორე ფაზაზე, რაც ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი სამხედროების გამოყვანას გულისხმობს. აზოვის პოლკის წევრმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე დაშავებული და დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა საკმაოდ დიდია.