„აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
35 გარდაცვლილი და 32 დაშავებული – ასეთია „აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგი. მგზავრთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. ინფორმაციას ყაზახეთის ხელისუფლება ავრცელებს. შემთხვევა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან მოხდა. ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი. ავიალაინერი ბაქოდან ქალაქ გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ამ დღისთვის დაუზუსტებელი მიზეზით, კურსი შეიცვალა.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, ბორტზე იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, რუსეთის 16 მოქალაქე, ასევე ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე. „აზერბაიჯანული ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სანქტ-პეტერბურგიდან უკვე გაემგზავრა და ბაქოში დაბრუნდა, ის დსთ-ს სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებს.