ავთანდილ ხურციძის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნაფიცმა მსაჯულებმა რაჟდენ შულაიას მსგავსად ავთანდილ ხურციძეც დამნაშავედ ცნეს. ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. დაკავებულებს ამერიკის იუსტიციის სამინისტრო საბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებად – შულაია ენთერფრაიზად მოიხსენიებდა.

ჯგუფის წევრებს გამოძიებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა, მათ შორის კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები, ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები. დაჯგუფების ლიდერად გამომძიებლებმა ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, 40 წლის რაჟდენ შულაია დაასახელეს.