ავიაკატასტროფა ბოლივიაში

15:06, 28.02.2026

ბოლივიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 30-მდე პირი. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ბოლივიის საჰაერო ძალების კუთვნილი Hercules C-130-ის ტიპის თვითმფრინავი დედაქალაქ ლა პასთან ახლოს, ელ ალტოში, ხალხმრავალ გზატკეცილზე ჩავარდა და ავტომობილებს შეეჯახა. ბოლივიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ორს ჯერ კიდევ ეძებენ.

გავრცელებული ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ქალაქ სანტა კრუსიდან ახალი ბანკნოტები გადაჰქონდა, დაფრენისას ასაფრენ ბილიკს გასცდა და გზატკეცილზე გადავიდა. შედეგად დაზიანებულია თვითმფრინავი და, სულ მცირე, 15 ავტომობილი, რომლებიც შემთხვევის დროს გზაზე იმყოფებოდნენ. სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ გზატკეცილზე მიმოფანტული ფულის აკრეფის მიზნით შემთხვევის ადგილზე ასობით ადამიანი გამოვიდა, რამაც სამაშველო სამუშაოები შეაფერხა. 500-ზე მეტმა ჯარისკაცმა და 100-მა პოლიციელმა ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გავრცელებული ცნობით, არიან დაკავებულებიც.

მსგავსი