აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგია - გამოხმაურებები

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 33-გვერდიანი სტრატეგია მეორე დღეა, მსოფლიო ლიდერების განცხადებებისა და ინტერესის თემაა. დოკუმენტი ქვეყნის გლობალური პრიორიტეტების ჩამონათვალს შეიცავს და ასევე ასახელებს იმას, თუ რა სურს და რას ელოდება ამერიკის შეერთებული შტატები დანარჩენი მსოფლიოსგან. ტრამპის წარმოდგენილი დოკუმენტი ევროპელი მოკავშირეების მიმართ საკმაოდ მწვავე კრიტიკას შეიცავს. აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიას ეხმაურება იტალიის თავდაცვის მინისტრი. რომელიც ამბობს, რომ მოსალოდნელი იყო ევროპის მიმართ კოდიფიცირებული განცხადებები:

„უფრო დაჩქარებული ვადით, ვიდრე ვშიშობდი, მოხდა ის, რაც იწინასწარმეტყველეს. ამერიკული პოლიტიკის ტრაექტორია ტრამპის თანამდებობაზე არჩევამდეც კი ცხადი იყო და მან მხოლოდ დააჩქარა შეუქცევადი გზა. აშშ ჩინეთთან სულ უფრო რთულ, კომპლექსურ და მკაცრ კონკურენციაშია ჩართული და ყველა ქმედება, გადაწყვეტილება და ქცევა ამ კონტექსტში უნდა იქნას აღქმული.

ტრამპმა უბრალოდ ნათლად განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ კონკურენციაში მისთვის ნაკლებად ან საერთოდ არ არის სასარგებლო. იმიტომ, რომ მას არ გააჩნია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ან სასარგებლო ბუნებრივი რესურსები, რადგან ის ინოვაციებსა და ტექნოლოგიებთან კონკურენციას აგებს და მას არ გააჩნია სამხედრო ძალა, ასევე, მსოფლიოში ახალ მოთამაშეებთან შედარებით, ის პატარა, ნელი და ძველია,“ – წერს იტალიის თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელ „იქსზე“.