აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას გადასცემს

აშშ უკრაინისთვის მორიგ სამხედრო დახმარებას გასცემს – ჯო ბაიდენმა 725 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ხელი უკვე მოაწერა. აღნიშნული თანხით, თავდაცვის აღჭურვილობა და სამხედრო მომზადება-სწავლების ხარჯები დაიფარება. თეთრი სახლი ასევე უკრაინისთვის დაჩქარებული წესით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა – „ნასამსების“ მისაწოდებლადაც მუშაობს.

პენტაგონის ცნობით, ახალ პაკეტში შევა „ჰაიმარსის“ საარტილერიო-სარაკეტო სისტემისთვის დამატებითი საბრძოლო მასალები, 23 ათასი ერთეული საარტილერიო ჭურვი, 5 000 ერთეული დისტანციური ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, რადიოლოკაციური რაკეტები და 200-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება.

აშშ-მ უკრაინას 2021 წლის იანვრის შემდეგ, სამხედრო დახმარების სახით, 18 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გამოუყო.