აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცს გზავნის

ირანთან დაძაბულობის გაზრდის ფონზე, შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცს გზავნის.სიენენის“ ინფორმაციით, დამატებითი შემადგენლობა 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის სწრაფი რეაგირების ძალებიდან გამოიყოფა.

ერაყის დედაქალაქში, ამერიკის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, პენტაგონმა რეგიონში იმავე დანაყოფის 750 ჯარისკაცი უკვე გაგზავნა. ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო, ირანის ხელისუფლება საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება. თეირანის სავარაუდო ნაბიჯების განეიტრალების დავალება მიიღო კონტრდაზვერვის სამსახურმაც. ვითარების დაძაბვის ფონზე, ერაყში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამერიკელმა სამხედროებმა დაიკავეს.

ირანელი გენერალი ერაყში, ამერიკის საჰაერო ოპერაციის დროს მოკლეს. ყასემ სოლეიმანი ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილე და „ქუდსის ძალების“ ხელმძღვანელი იყო. როგორც სატელევიზიო მიმართვის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, თუ ამერიკელებს სადმე საფრთხე დაემუქრებათ, ვაშინგტონი საჭირო ქმედებისთვის მზად არის.