არესტოვიჩის განცხადებები - გამოხმაურება თბილისში

მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნისკენ გრძელდება.

მორიგი გზავნილის ავტორი ისევ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველია. არესტოვიჩი საქართველოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაკავებისკენ მოუწოდებს. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემული ინტერვიუ ოფიციალური თბილისის კრიტიკასაც მოიცავს. უკრაინელი მაღალჩინოსანი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის პოზიციების გამართლებაში ადანაშაულებს და ქართული მხარის ნაბიჯებს რუსეთისთვის თავის მოწონებად აღიქვამს. მმართველ გუნდთან ერთად არესტოვიჩს ბოლო განცხადებებმა ოპოზიციის ნაწილიც გააკვირვა. პოლიტიკური სპექტრიდან დღეს არაერთხელ დასჭირდათ საქართველოს გაცხადებული სტრატეგიის ხაზგასმა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს. კიდევ უფრო მწვავე იყო პრემიერის რიტორიკა. მთავრობის მეთაური უკრაინიდან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნის წინასწარ მომზადებული გეგმის ნაწილად აცხადებს.