არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ტატუნაშვილის საქმეზე ოფიციალური მოსკოვის მხრიდან, ქართველი სამხედროს ოჯახისთვის გამოგზავნილ შეტყობინებას მინისტრთა კაბინეტის წევრები ეხმაურებიან. საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადების შინაარსი მათთვის გასაკვირი და მოულოდნელი არ ყოფილა.

მინისტრები განმარტავენ, რომ რუსეთის მცდელობა, თავი უდანაშაულოდ წარმოაჩინოს, პირველი შემთხვევა არ არის და, შესაბამისად, ოფიციალურ თბილისში ეს აღარავის უკვირს.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად ორი საჩივარი მზადდება. ერთი ოჯახის, მეორე კი სახელმწიფოს მხრიდან, ბუნებრივია, ორივე შემთხვევაში მოპასუხე მხარე რუსეთის ფედერაციაა.

თემაზე განმარტებები და დამატებითი კომენტარები გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოშიც. უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთი ადეკვატურად არ პასუხობს. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ახლა მთავარია, ამ საკითხმა საერთაშორისო ასპარეზზე აქტუალობა არ დაკარგოს. ოპოზიციაში კი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაზრდის აუცილებლობაზე მიუთითებენ.