არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში   

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ისევ უცნობია. ბოლო მონაცემებით, ხმების დათვლა ექვს შტატში გრძელდება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პენსილვანიაა, სადაც გამარჯვების შემთხვევაში, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიტატი პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო ხმებს მოაგროვებს. თუმცა, დონლად ტრამპისა და ბაიდენის მიერ მიღებულ ხმებს შორის პენსილვანიაში სხვაობა 28 800-ზე ოდნავ მეტია. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ხმების გადათვლა გახდეს საჭირო.

კანდიდატების შედეგებს შორის მცირე სხვაობაა ასევე ნევადაში, არიზონაში, სადაც ბაიდენი შესაბამისად 22 657 და 29 861 ხმით ლიდერობს. ჯორჯიაში სხვაობა 4 395-ია, რის გამოც ამ შტატში ხმებს გადაითვლიან. ტრამპი იმარჯვებს ჩრდილოეთ კაროლინასა და ალასკაზე, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ არის. ტრამპის ადვოკატები ხმების დათვლის დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ აცხადებენ და დავის უზენაეს სასამართლოში გადატანით იმუქრებიან. თავის მხრივ, ამომრჩევლებს დელავერიდან მიმართა ჯო ბაიდენმა. ის აცხადებს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.