არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი

კახეთის პოლიციამ, არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, მამა დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავის ორი წლის შვილს ფიზიკურად გაუსწორდა. მცირეწლოვან ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა აქვს. ის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორი წლის გოგონა პანკისის ხეობის მკვიდრია და ის ადგილობრივ კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. თუმცა, მძიმე დაზიანებების გამო, მისი გადმოყვანა თბილისში გახდა საჭირო.

გამოძიება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.