საბოტაჟის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება გრძელდება. დღეს გამოკითხვაზე დაბარებულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე. თბილისის საქალაქო სასამართლოში კი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა.
პროკურორის განმარტებით, შეკითხვების ძირითადი ნაწილი იმ ხარჯებს ეხებოდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გასულ წელს საპროტესტო აქციებისთვის აირწინაღების, სათვალეების, რესპირატორების, წიწაკის სპრეისა და სხვა საშუალებების შეძენისთვის დახარჯეს. კითხვები იყო ასევე სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებითაც. თავად გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ დოკუმენტებში ასახული არცერთი შესყიდვა უკანონო არ ყოფილა. საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმის ფარგლებში, უკვე გამოკითხეს ISFED-ის ყოფილი და IDFI-ის მოქმედი ხელმძღვანელები.
პროკურატურამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები 27 აგვისტოს დააყადაღა.