არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

12:08, 21.10.2026

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს მმართველი პარტიის არადემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკის პირდაპირ გაგრძელებას და ქვეყანაში მიმდინარე ავტოკრატიზაციის თვისებრივად ახალ, უმძიმეს ეტაპს. წარმოდგენილი სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ვენეციის კომისიის ფუძემდებლურ სტანდარტებს. მოსარჩელეთა ერთადერთ ე.წ. მტკიცებულებას წარმოადგენს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის იურიდიული ძალის არმქონე დასკვნა. სარჩელში ლეგიტიმური დემოკრატიული პროცესები, როგორიცაა ხელისუფლების კრიტიკა, საპარლამენტო ბოიკოტი, პარტიებს შორის თანამშრომლობა, მშვიდობიანი პროტესტი და საერთაშორისო პარტნიორებისადმი მიმართვა მანიპულაციურად არის გაიგივებული კონსტიტუციური წყობილების დამხობასთან. იმ პოლიტიკური ძალების აკრძალვა, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, 784 830 მოქალაქის – ამომრჩეველთა თითქმის 38%-ის მხარდაჭერა მოიპოვეს, უთანაბრდება ასობით ათასი ამომრჩევლისთვის საარჩევნო ხმისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის უფლების ჩამორთმევას. აცხადებენ მესამე სექტორში.

მსგავსი