საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. გამოკითხვები დღესაც მიმდინარეობს. მანამდე მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მოქმედი და „ისფედის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორები. ხელისუფლების ოპონენტები მიმდინარე გამოძიებას კომიკურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ მესამე სექტორის ნაწილსა და ოპოზიციას შორის ზღვარი წაშლილია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობის ნიშნები იკვეთება.
პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარეობს. აღნიშნული საქმის ფარგლებში საგამოძიებო უწყებამ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები დაუყადაღა.