რუსთაველზე საპროტესტო აქციის დროს კანონდარღვევის ბრალდებით კიდევ ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის არის „ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი. „ფორმულას“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით აიყვანეს. თავად ქეთა ციცქიშვილმა დაწერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. „ჩემამდეც მოვიდნენ! მომაკითხეს „მილიციელებმა“. ჰგონიათ, ან მე შემეშინდება, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, ან ჩემს რომელიმე მეგობარს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. რუსებო!“ – დაწერა ქეთა ციცქიშვილმა სოციალურ ქსელში.
მომიტინგეებმა გუშინ, დაახლოებით 21:00 საათისთვის გადაკეტეს საავტომობილო გზა. პოლიციამ მათ გზის გათავისუფლებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, თუმცა მომიტინგეებმა მოთხოვნა არ შეასრულეს. საავტომობილო გზა მათ სპეციალური ლენტით დაახლოებით ორი საათით ჰქონდათ გადაკეტილი და მოგვიანებით გზა თავადვე გახსნეს.
აქციის დასრულების შემდეგ, სამართალდამცველები პროტესტის მონაწილეებს, იდენტიფიცირების მიზნით, „თავისუფლების მეტროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე აჩერებდნენ. რამდენიმე მათგანის შემთხვევაში, პოლიციელებმა ნიღბით სახის დაფარვის გამო, შესაბამისი ოქმიც შეადგინეს.
რამდენიმე დაკავების შესახებ კი ინფორმაცია დღეს გავრცელდა. გზის გადაკეტვის მიზეზით დაკავებებზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება.