აქციები და „კომენდანტის საათი“ მინეაპოლისში

მინესოტას შტატის ქალაქებში, მინეაპოლისსა და სენტ პოლში, სადაც ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო, არეულობა არ წყდება, „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა. ქალაქი საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. დემონსტრანტთა ნაწილმა დაარბია და დაწვა შენობები. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. ქალაქში შეყვანილია ეროვნული გვარდიის დანაყოფები. საპროტესტო გამოსვლები იმართება ამერიკის შეერთებული შტატების სხვა ქალაქებშიც.

ატლანტაში გამომსვლელებმა პოლიციის მანქანა დაწვეს. საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო ნიუ იორკის ბრუკლინის რაიონში, სადაც სამართალდამცველებმა 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დემონსტრაცია გაიმართა თეთრ სახლთანაც.

46 წლის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიების ფარგლებში, უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.