ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა პირის პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით განახლდა. ამ წუთებში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, მზია ცერაძე იკითხება. პროკურატურას დღეს ორი მოწმე ჰყავს დასაკითხი. დღეს ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა არ მოხდება, რადგან გამოსაკვლევად დარჩენილი ვიდეომტკიცებულებების ექსპერტიზა დასრულებული არ არის.
მოწმის დაკითხვამდე განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა ბრალდებულმა. უკრაინის მოქალაქემ, სერგეი კუხარჩუკმა სასამართლო, სამართალდამცველები და პროკურატურა უკანონობასა და უდანაშაულო ადამიანების გასამართლებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, საქმეში მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს ბრალდებულების ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა და აღნიშნეს, რომ ამ დრომდე გამოკვლეული მტკიცებულებები ბრალდებულთა უდანაშაულობას ადასტურებს.