ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება ელენე ხოშტარია. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, კერძოდ მას გამოძიება სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. იზოლატორში რჩება კიდევ ერთი პირი, ორი დაკავებული კი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
აქცია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. მომიტინგეები პროტესტის მიზეზად აგვისტოს ომის პერიოდის შესწავლის რეალურ მიზანს ასახელებდნენ, რაც მათივე თქმით, ქართული არმიისა და გენერლების გასამართლებაა.
რუსთაველზე მიმდინარე აქცია გვიან ღამით დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ყოველდღიური პროტესტის მოთხოვნებიც გააჟღერეს – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.