ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის გამოკითხვით გაგრძელდება, მანამდე კი ამაღლობელის თანამშრომლებმა და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა აქცია აჭარის პოლიციის სამმართველოსთან გამართეს. ისინი შენობასთან მედიკამენტებით მივიდნენ და განაცხადეს, რომ ეს მედიკამენტები დგებუაძისთვის სილის გაწვნის შედეგად მიღებული ტკივილების გასაყუჩებლად მიიტანეს. როგორც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანამშრომლები ამბობენ, დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაგრძელდება.