აჭარის პროკურატურასთან დილიდან საპროტესტო აქცია გაიმართა. ჟურნალისტები მეოთხე დღეა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტს გამოხატავენ სხვადასხვა ადგილას. შეკრებილებმა სტიკერებიც გააკრეს პროკურატურის შესასვლელთან. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, უფლებამოსილება შეუწყდეს ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს იქამდე, ვიდრე არ იქნება გამოძიებული ძალადობის ფაქტები, რომელსაც მზია ამაღლობელის მიმართ ჰქონდა ადგილი, როგორც მის დაკავებამდე და ასევე დაკავების შემდეგ.
ამ დრომდე უცნობია, ცნობს თუ არა დასაშვებად სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელის ადვოკატების სარჩელს და შეცვლის თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.