ანტინარკოტიკული რეფორმა
პარლამენტმა ასევე ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე დაამტკიცა. „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ერთობლივი ინიციატივით კანონმდებლობა მკაცრდება, განსაკუთრებით ნარკორეალიზატორებისთვის. თუმცა, დამატებითი შეზღუდვები ნარკომომხმარებლებსაც უწესდებათ. დაგეგმილი ცვლილებებით ყველა სახის ნარკოტიკული
საშუალების, მათ შორის მცენარე კანაფისა და მარიხუანას რეალიზებისთვის სასჯელი მაქსიმალურად მკაცრდება და ნარკორეალიზატორს 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
 
დაგეგმილი ცვლილებებით, თუ პირს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ლაბორატორიულად დაუდასტურდება, ნარკომომხმარებელს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება სამი წლით აეკრძალება და იარაღთან დაკავშირებული უფლებები შეეზღუდება. ამასთან, ხუთი წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის უფლება აღარ ექნება. ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, მოსამართლის დისკრეციით, პირს დამატებითი სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მას სისხლის სამართლის სხვა დანაშაული უკვე ჩადენილი აქვს. ნარკოტესტზე უარის თქმის შემთხვევაში კი მოქალაქე ნარკომომხმარებლის მსგავსად, ადმინისტრაციული წესით დაისჯება და ანალოგიური შეზღუდვები დაუწესდება.