ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

პარლამენტის წევრის, ანრი ოხანაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და მუქარის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. უწყების ცნობით, აიყვანეს ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ვახტანგ რობაქიძე, რომელიც მოძრაობა „ლელოს“ აქტივისტია, თუმცა უშუალოდ პარტიაში ფაქტს არ ადასტურებენ. ის 2019 წელს ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილს ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მიაყენა, სადაც დეპუტატი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გამოძიების შეკითხვებს გვიან ღამემდე პასუხობდა.

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ პარლამენტარ ანრი ოხანაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და მუქარის ბრალდებით დაკავებული პირი, ვახტანგ რობაქიძე „ლელოს“ წევრია. მისივე განცხადებით, მომხდარის დეტალები არ იცის, თუმცა, ძალადობას ემიჯნება. ინციდენტს გამოხმაურება მმართველ გუნდშიც მოჰყვა.